აშშ-ის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (20 ივნისი)

აშშ-ის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (20 ივნისი)

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე, რომელიც 19-20 ივნისს გაიმართა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებულმა შტატებმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ომამდე არსებულ პოზიციებზე.

აშშ-ის დელეგაციიამ კვლავ დაჟინებით მოუწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მეტი თანამშრომლობისკენ, რათა ჩატარდეს სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების ფაქტებზე.

შეერთებულმა შტატებმა აღნიშნა ძალის არგამოყენების განცხადების ტექსტზე მხარეთა შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა და მოუწოდა მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდების კეთილგანწყობილებისა და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მხარდაჭერას.

შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს, რომ მონაწილეებმა ვერ შეძლეს დევნილთა საკითხის განხილვა რუსეთის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომის დატოვების გამო. შეერთებული შტატები ასევე სინანულით აღნიშნავს, რომ არ შეინიშნება პროგრესი სხვა ჰუმანიტარულ საკითხებზეც, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება და ბავშვებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.

შეერთებული შტატები საქართველოსთან, რუსეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ევროკავშირის, გაეროსა, და ეუთოს თანათავმჯდომარეობით. მოლაპარაკებები 2008 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილ საკითხებზე რეაგირებას.

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.