ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საჩუქრად 500,000 დოზა ფაიზერის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინა გადასცა

შაბათი, 24 ივლისი

აშშ-ის საელჩო თბილისში მოხარულია გაცნობოთ კოვიდ-19-ის ვაქცინის, „ფაიზერის” 500 000 დოზის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შაბათს, 24 ივლისს, 00:40 საათზე. ეს არის ამერიკის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.

„ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა დაემატება იმ 27 მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა უწევს საქართველოს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად, მათ შორისაა:

  • ვაქცინის შესანახი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი. 
  • 26 000 PCR ტესტირების აღჭურვილობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებისთვის. 
  • დახმარება რეაგენტებით ვირუსის ახალი შტამების დადგენა-მოკვლევისთვის. 
  • ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც 300 პაციენტზე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს უზრუნველყოფს. 
  • ინტერნეტ კომუნიკაცია რეგიონებში ათასზე მეტი კლინიკისთვის, რომელიც სამედიცინო პერსონალის ტრენინგებსა და უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
  • სადეზინფექციო სითხეები, ხელთათმანები, ნიღბები, თერმომეტრები და სხვა მარაგები სკოლებისა და ბაღებისთვის. 

„მოხარული ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გარგლებში ქართველ ხალხს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები საჩუქრად გადავცეთ”, – თქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. „ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის გაწეულ ძალისხმევას პანდემიის დაწყების დღიდან უჭერს მხარს. ახლა ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ ის, რასაც შეუძლია დაასრულოს გლობალური კრიზისი – უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა”, – განაცხადა მან.   

შეერთებული შტატები ქვეყნის შიგნით კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის გაგრძელებასთან ერთად, პანდემიის დასრულებისთვის ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოს მასშტაბითაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები იქნება ვაქცინების არსენალი მსოფლიოსთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში პანდემიის დასაძლევად თავისი დემოკრატიის ძალას, ამერიკელი მეცნიერების ინოვაციურობასა და წარმოების შესაძლებლობებს იყენებს.  

3 ივნისს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ გაუზიარებდა ვაქცინას პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, იმ ინიციატივის ფარგლებში, რაც გულისხმობს ამერიკის ვაქცინის მარაგებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 80 მილიონი დოზის საჩუქრად გადაცემას გლობალური პანდემიის დასრულების მხარდასაჭერად. 

ვაქცინა არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთო გლობალური სტრატეგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინ მიუძღვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ეს მოიცავს გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებას. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სხვა სააგენტოების მეშვეობით.