ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის მონაწილე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ახალგაზრდები საქართველოში აშშ-ს საელჩოს ეწვივნენ.
კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის მონაწილეებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსმა, ალექსანდრ ნ. დენიელსმა და საგრანტო პროგრამების მენეჯერმა სოფო ბზიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და სწორი კომუნიკაციის შექმნაში სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობას.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორმა თეა კუჭუხიძემ დეტალურად განიხილა აშშ-ში სწავლის შესაძლებლობები და ის კონკრეტული გაცვლითი პროგრამები, რომლებშიც სტუდენტების მონაწილეობა არის ხელმისაწვდომი.
სტუდენტებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორ ლიკა გუმბერიძისგან და საინფორმაციო რესურსების ხელმძღვანელ ნანა შუღლაძისგან მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.
კულტურულ-საგანმანათლებლო ტური ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.
ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.