წეროვანში დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა (27 იანვარი)

წეროვანში დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა (27 იანვარი)

დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მონაწილეობა მიიღო წეროვანში ახალაშენებული დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაში. ამ პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს, გააუმჯობესოს, შეინარჩუნოს და აღადგინოს ჯარისკაცების ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა. ახალი ცენტრი უზრუნველყოფს მიზნობრივ აქტივობებს და სერვისებს, რათა აღუდგინოს დაჭრილ სამხედროებს თვითშეფასება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნის შეგრძნება. აშშ-ის მთავრობამ 4.2 მილიონი დოლარის გრანტი გამოყო 2000 კვადრატულ მეტრზე დიდი ზომის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად. მასში განთავსებულია სივრცეები ფიზიკური და აკვა თერაპიებისთვის, ასევე სპეციალური სივრცე ფსიქოლოგიური მკურნალობისთვის. დაჭრილი სამხედროების პროგრამა ამჟამად ემსახურება 230 ქართველ და 139 უკრაინელ სამხედრო პირსა და მათ ოჯახებს. შეერთებული შტატები სიამაყით ეხმარება საქართველოს, მოუაროს მის დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც ხელს უწყობენ მშვიდობას და უსაფრთხოებას შინ და საზღვრებს გარეთ.

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან წეროვანის დაჭრილ მებრძოლთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მოხარული ვარ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავჯდომარესთან, ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად მარო მაყაშვილის სახელობის დაჭრილი მებრძოლთა რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ეს ცენტრი აშენდა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თავდაცვის სამინისტროში. ეს ცენტრი უზრუნველყოფს დაჭრილ ქართველ მეომრებს საუკეთესო ხარისხის სარეაბილიტაციო მკურნალობით. ჩვენ კვლავ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას რომ პატივი ვცეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, ყველაზე მეტად კი მათ, ვინც ამდენი რამ გაწირეს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას ავღანეთში, ერაყსა და სხვა ადგილებში.

კითხვა კონგრესმენების წერილების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: რაც შეეხება სხვადასხვა კონგრესმენების მიერ დაწერილ წერილებს, უნდა ვთქვა, რომ კონგრესმენები წარმოადგენენ აშშ-ის მთავრობის საკანონმდებლო შტოს, შესაბამისად,წერილების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ კონგრესმენთა ოფისს. მე კი ვიტყოდი, რომ ეს წელი არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი წელია დემოკრატიის წინსვლისათვის, არის მნიშვნელვოანი შესაძლებლობები, პოლიტიკური დიალოგი, რომლის მეშვეობითაც მმართველი პარტია და ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმების შესაძლებლობებზე, რათა მომავალში არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი და შედეგად მივიღოთ მეტი პლურალიზმი და უფრო დიდი პროპორციულობა საქართველოს პარლამენტში.